წმ. ბერი ალექსის (შუშანია) ცხოვრება
ღირსი მამა ალექსი (ალექსი ლევანის ძე შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს ს. ნოქალაქევში (სენაკის მაზრა). მამის სიკვდილის შემდეგ 16 წლის ახალგაზრდა გაემგზავრა სტამბოლში (კონსტანტინოპოლში), სადაც იმ დროს ცხოვრობდა და სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა ბიძამისი ისლამ შუშანია.
ისლამი შინაურულად განათლებული, აღმოსავლური ენების მცოდნე, უაღრესად მორწმუნე და წიგნის მოყვარული კაცი ყოფილა. მოვლილი ჰქონია მთელი ახლო აღმოსავლეთი (ეგვიპტე, სირია, პალესტინა, არაბეთი). მოულოცია იერუსალიმი, საბაწმიდის ლავრა, ჯვრის მონასტერი, სინას მთა. როგორც მისი ჩანაწერებიდან ჩანს, საბაწმიდის ლავრაში უნახავს უკანასკნელი ქართველი ბერი, არქიმანდრიტი ივანე აბაშიძე, რომელიც იმერეთის მეფე სოლომონ II-ს ახლდა ქ. ტრაპიზონში და მისი სიკვდილის შემდეგ დაბინავებულა ხსენებულ ლავრაში.
ისლამის ოჯახში ახალგაზრდა ალექსის დახვდა საკმაოდ მდიდარი ნაბეჭდი და ხელნაწერი ქართული საერო და სასულიერო წიგნები. იგი დაეწაფა კითხვას. ერთი წელი დაჰყო მან სტამბოლში და აქ მოხდა მკვეთრი გარდატეხა მის მსოფლმხედველობაში. სარწმუნოებრივი განწყობით გაჟღენთილი დაბრუნდა სამშობლოში, ნოქალაქევში. აქ ერთხანს, ჩანს, ანდრია სალოსის წიგნის გავლენით ეწეოდა სალოსურ ცხოვრებას. დადიოდა სოფლიდან სოფლად ფეხშიშველი, ეხმარებოდა ქვრივ-გაჭირვებულებს, ემსახურებოდა გადამდები სენით შეპყრობილ უჭირისუფლო ავადმყოფებს. მისი სიტყვა და საქმე მრავალ მიმდევარს პოულობდა. ზოგი მას აჰყვა და მასთან ერთად მსგავსად მოღვაწეობდა; ზოგი ტოვებდა სოფლურ ცხოვრებას და მონაზვნად აღიკვეცებოდა. საგულისხმოა, რომ ასეთი პირები ძველ მონასტერში კი არ მიდიოდნენ, არამედ აარსებდნენ მთავრობისაგან დამოუკიდებელ თავისუფალ ძმობას. ასე დაარსდა სამეგრელოში ორი სავანე. ერთი - დედათა, სოფელ სახარბედიოში, მეორე - მამათა, სოფელ თეკლათში. პირველი შემდეგ ოფიციალურ დედათა მონასტრად გადაკეთდა, მეორე კი ბოლომდე დარჩა თავისუფალ სავანედ თვით ალექსის ხელმძღვანელობით. ასეთივე თავისუფალი ხასიათის ძმობა დაარსდა გურიაში, ოზურგეთის ახლოს, „წყალწმიდის ძმობის“ სახელწოდებით. ძმობის წევრები საკუთარი შრომით ცხოვრობდნენ და მთავრობისაგან არავითარ დახმარებას არ იღებდნენ.
საზოგადოებრივ საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ალექსი არ ივიწყებდა გონებრივ-საგანმანათლებლო მუშაობას. იგი ხშირი სტუმარი იყო გელათისა და მარტვილის მონასტრებისა, წიგნთსაცავებში ეცნობოდა ძველ ხელნაწერებს. ახლო კავშირი ჰქონდა ცნობილ მწიგნობარ ნიკო დადიანთან (შალვა დადიანის მამა), რომელიც ამ დროს ცხოვრობდა სამეგრელოს სოფელ ბერთემში. ნიკოს მდიდარი ბიბლიოთეკა და საუბარი ფრიად ნაყოფიერი სკოლა შეიქნა ახალგაზრდა ალექსისათვის. მეფის რუსეთის მთავრობისადმი უარყოფითად განწყობილ, ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის ღრმა მცოდნე, საზოგადოდ ღრმად განვითარებულ პირთან, ნიკო დადიანთან, სიახლოვემ დიდი საგანმანათლებლო გავლენა მოახდინა მასზე.
ამ ხანებში მას სანიმუშო კალიგრაფიული ხელით გადაუწერია „ექვსთა დღეთა“ ბასილი დიდისა, წიგნი ისააკ განშორებულისა და მამათა ცხოვრება, ხოლო ხუცურად - გელათის გულანის საგალობლები.
მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მღვდელმონაზონ ბენედიქტე ბარკალაიას თაოსნობითა და ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, გაბრიელ ეპისკოპოსის თანადგომით დაიწყო საქართველოდან ქართველი ბერების დენა საბერძნეთში, ძველ ათონში, ივერიის ძველ ქართულ მონასტერში დასამკვიდრებლად. ალექსი ბენედიქტე ბარკალაიასთან ერთად გაემგზავრა ათონს. მათთან ერთად წავიდა გელათის მონასტრიდან მღვდელმონაზონი თეოდოსი (ერისთავი), ფრიად განათლებული ბერი ასკეტი, რომელიც სამუდამოდ დარჩა ათონზე და იქიდან უწევდა მოძღვრულ ხელმძღვანელობას სამშობლოში დაბრუნებულ ალექსის. მისი ერთი მოკლე წერილი მონაზვნური ცხოვრების შესახებ დაბეჭდილია ალექსი ბერის წიგნში „ბრძოლა თავის თავთან“. წერილი მოწმობს ავტორის სერიოზულ და ღრმა საღვთისმეტყველო განათლებას. ალექსი ათონზე დარჩენილა რამდენიმე თვე. სამშობლოში დაბრუნებისას გზად გამოუვლია კიევში, მღვიმის ლავრის მოსალოცად.
ალექსის გავლენით მონაზვნებად შემდგარა მთელი მისი ოჯახი - ძმა, დები და დედა. თვითონ ალექსი ხელდასხმულა მღვდელმონაზვნად 1888 წელს. ერთხანს იგი ცხოვრობდა ხობის მონასტერში და 1892 წელს თავისი რამდენიმე მოწაფითურთ დაბინავებულა თეკლათის ერთი ძველი მიტოვებული ეკლესიის ეზოში. მის სავანეს საეკლესიო მთავრობასთან არავითარი ოფიციალურ-ადმინისტრაციული დამოკიდებულება არ ჰქონდა; არავითარი სამსახურებრივი ჯილდო და ხარისხი მას არ მიუღია, თუმცა კი ხშირად სთავაზობდნენ. უბრალო, სამკერდე სამღვდელო ჯვარსაც არ ატარებდა. იგი უარყოფითად ახასიათებდა ეკლესიის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც იჩენდნენ „სისუსტეს მთავრობისადმი თვალღებითი სამსახურისა პირადი პატივისათვის“ (ალექსი ბერი, „ხალხი და ეკლესია“, გვ. 29). ალექსის აზრით, „სამსახურებრივი ჯილდოები არამც თუ სასულიერო პირისათვის, საეროთათვისაც ფრიად დაბალი მხედველობაა“ (იქვე, გვ. 29). საეკლესიო ჯილდოების შესახებ ასეთივე აზრისა იყო ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე გაბრიელ ეპისკოპოსი (ჟურნ. „შინაური საქმეები“, 1913, #25-26).
ალექსი საეკლესიო მთავრობისაგან არავითარ ფულად დახმარებას არ იღებდა, წინააღმდეგ მონასტრებისათვის მიღებული წესისა. იგი, თავისი რამდენიმე მოწაფით, საკუთარი შრომით ცხოვრობდა.
1898 წლიდან ჩაიკეტა თავის სავანეში და სიკვდილამდე ეწეოდა საეკლესიო დაყუდებულ ცხოვრებას. გარეშე მნახველს იღებდა მხოლოდ შაბათ-კვირაობით, დროს ლოცვასა და სამწერლო მუშაობაში ატარებდა.
საინტერესოა მისი ცხოვრების რეჟიმი: ჭამდა დღეში